„ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ მისთვის.“
ჯონ ფიცჯერალდ კენედი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი
წიგნი, ნარინჯისფერი ყდით და მუქი, თეთრი წარწერით „სამოქალაქო განათლება“ 2012 წელს ვიყიდე და დღემდე სათუთად ვუფრთხილდები, რადგან წიგნზე უფრო მეტია. ის ადამიანის მთელი ცხოვრებაა და გასწავლის როგორ შექმნა უკეთესი მსოფლიო. გაძლევს ინსტრუქციას შეცვალო რაც არ მოგწონს, გეხმარება დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაში და გარწმუნებს, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია კაცობრიობის ისტორიის შეცვლა უკეთესობისკენ.
წარმოიდგინე, რა იქნებოდა, მაჰათმა განდის რომ ეფიქრა, „მე ერთ მოქალაქეს არაფრის გაკეთება არ შემიძლია საზოგადოებისთვის, რადგან არ მყავს მომხრეები, მარტო ვერაფერს შევძლებ.“ ინდოეთი არ იქნებოდა დამოუკიდებელი და იბატონებდა იქ ძალადობა. რა მოხდებოდა, მარტინ ლუთერ კინგს ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად რომ არ ებრძოლა? ამერიკაში ადამიანებს ისევ განსჯიდნენ კანის ფერის მიხედვით.
ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ჩვენ აქტიური მოქალაქეების სახელით ვიცნობთ.
მოქალაქეობის ცნება
მოქალაქის ცნების განმარტება მრავალმხრივია. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქე პიროვნებაა, რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე, მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე, რომელთა შორის ძირითადია ქვეყანაში არსებული კანონების დაცვა, შემოსავლიდან გადასახადების გადახდა და სავალდებულო სამხედრო სამსახური.
მოქალაქეობის ცნება პირველად ძველი საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფო ათენში გაჩნდა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას აღნიშნავდა. მოქალაქეები იკრიბებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კამათობდნენ სახელმწიფოებრივ მოწყობაზე, კანონების შეცვლაზე ან მიღებაზე და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
თანამედროვე გაგებით „მოქალაქე არის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირი, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, რასისა, სქესის ან რელიგიური კუთვნილებისა. მოქალაქეობა არ არის დაკავშირებული არც ეთნიკურ წარმომავლობასთან, არც რელიგიურ აღმსარებლობასთან, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგია და არა მემკვიდრეობით მიღებული იდეოლოგია.“
ვინ არის აქტიური მოქალაქე
დემოკრატიის განვითარება ქვეყანაში აქტიური მოქალაქეების არსებობასთან პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მეტი მოქალქე მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესებში, ქვეყნის მართვას ხელისუფლება გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება. შესაბამისად, მოქალაქის ერთგვარი მორალური ვალდებულებაა, მაქსიმალურად გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფოს მართვაში. საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე მონაწილეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ინტერესდება საკუთარ თემში, რეგიონში მიმდინარე პროცესებით, ხმამაღლა სვამს შეკითხვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, ახდენენ საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მობილიზებას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებს, აწყობენ საჯარო გამოსვლებს და მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად. ამ თვისებების მქონე მოქალაქეებისგან შემდგარი სოციუმი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას.
რატომ მონაწილეობს მოქალაქე საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებაში?
დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს პასუხისმგებლობა საზოგადოების და თანამოქალაქეების წინაშე. მოქალაქე მხოლოდ საკუთარი ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებით არ უნდა იყოს დაინტერესებული. მას უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ თავისი წილი ვალდებულება აიღოს საზოგადოებაში საერთო სიკეთის შექმნის საქმეში. საერთო სიკეთის შექმნაში ვგულისხმობ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში საკუთარი სურვილით, საკუთარი ინიციატივით, უსასყიდლოდ, ისეთი ტიპის აქტიურობას, რომელიც ფინანსურ სარგებელზე არ იქნება ორიენტირებული. მხოლოდ საკუთარი უნარებით და შესაძლებლობებით საზოგადოებრივი ამოცანების გადაჭრა.
მოქალაქე, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივ პროცესებში გაცნობიერებული აქვს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს რეგულირებასა და საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე კი არ არის დამოკიდებული საზოგადოებრივი თანაცხოვრება, არამედ დამოკიდებულია მოქალაქეთა საერთო ინტერესების განხორციელებაზე, რომელიც საზოგადოების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
რატომ არის მოქალაქის აქტიურობა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი?
სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში თანამედროვე მოქალაქე აქტიურად არ მონაწილეობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. ძირითადად, მისი მონაწილეობა შემოიფარგლება არჩევნებში ხმის მიცემით, ზოგჯერ ამასაც არ აკეთებს. ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება მკვეთრად აფერხებს დემოკრატიის განვითარებას, რადგან არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან მოსახლეობის წინაშე. თომას ჯეფერსონი წერდა: „ადამიანები ქმნიან მთავრობებს, რომლებიც თავის ძალაუფლებას იძენენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი მართავენ.“ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობით დაიცვას საკუთარი ხმა და შექმნას ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას შეუწყობს ხელს.
ხშირად გვესმის ფრაზა: „მინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრო;“ „ჩვენთვის მთავარია დემოკრატიული ღირებულებები;“ „ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიულ ფასეულობებს“ და ა.შ ასეთი საკმაოდ ბევრია. ეს ფრაზები მხოლოდ სიტყვათა წყობა არ უნდა იყოს. უნდა შეგვეძლოს დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებელი ნიშნების საფუძვლიანად გააზრება.
რა ფორმით ვლინდება სამოქალაქო აქტიურობა საქართველოში?
საქართველოსთვის, სადაც არ არსებობს სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული საზოგადოების დიდი ტრადიციები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ საქმით საქართველოში, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებია დაკავებული, რომელებიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ პროექტებს. მაგალითად: მულტიეთნიკური დიალოგების ხელშეწყობა, შშმ პირების უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, ქალთა უფლებების დაცვა, კონფლიქტების მშვიდობიანი პრევენციის ხელშეწყობა და ა.შ ასევე, სამოქალაქო აქტიურობა ვლინდება საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და მოხალისეობრივი საქმიანობით.
რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად?
საქართველოში დღემდე არსებობს მენტალური, სოციალური და პოლიტიკური ბარიერები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. მაგალითად:
1. მენტალური – დღემდე მოსახლეობაში მძლავრია საბჭოთა მემკვიდრეობით მიღებული წარმოდგენა იმაზე, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ორი სხვადასხვა, საპირისპირო მოვლენაა, რომ სახელმწიფო იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებშია გაიგივებული, რომლებიც უმთავრესად საკუთარი წევრებით შემოიფარგლება.
2. სოციალური – ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბეა, ხალხი შიმშილით იხოცება. მოსახლეობისთვის არსებული მძიმე სოციალური პრობლემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ გამონახონ დრო, ან ჰქონდეთ მოტივაცია, საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრას მოახმარონ თავიანთი ენერგია. მათთვის პრიორიტეტად რჩება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სამსახურის პოვნა, დღიური მინიმუმის დაკმაყოფილება და ა.შ
3. პოლიტიკური – ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ნაციონალური ტელევიზიების, განსხვავებული და კრიტიკული აზრის დათრგუნვის პირობებში, სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის არ არის ხელსაყრელი ნიადაგი შექმნილი.
როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე?
აქტიური მოქალაქეობისთვის საჭიროა საზოგადოებრივ საქმიანობებში ყოველდღიური მონაწილეობა, პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების ძიება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ხელს უწყობს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. საზოგადოებრივი ჩართულობა ეხმარება ინსტიტუტებს, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესები. მოქალაქის ნებაყოფლობითი მონაწილეობა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების აქტივობებში ეხმარება პიროვნებას, გააცნობიეროს საკუთარი საჭიროებები, პრობლემები, როლები და პასუხისმგებლობები. საკუთარი როლის მნიშვნელობის გააზრება პიროვნებას თავდაჯერებას უმაღლებს და უბიძგებს საკუთარი ინიციატივით პრობლემის მოგვარებისკენ.
ჩვენ მიერ გააზრებულად გადადგმულ ნაბიჯს, გაღებულ დროს, ენერგიას და ძალისხმევას, აუცილებლად მოაქვს დადებითი ცვლილება.
საქართველო შენია! აიღე პასუხისმგებლობა!